დასავლეთის მიერ დაწუნებულ კანონს პრემიერმა რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უწოდა

კობახიძის თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რის გამოც ევროკავშირმა ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერა, რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უწოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. როგორც ხელისუფლებაში აღნიშნეს, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას - 2020 და 2022 წლებში.
„ეს კანონი მიღებულ იქნა კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით. ეს კონტექსტი იყო: არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან დაკავშირებით მან ახალ კანონს რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უწოდა.
„ამ ფონზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი, მართალია, არ არის კანონი რევოლუციის წინააღმდეგ, მაგრამ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ", - აღნიშნა კობახიძემ.
მან „საუკუნის აფერა" უწოდა იმას, რომ მოწინააღმდეგეებმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ახალი კანონი „რუსულ კანონად" მონათლეს.
„ჩვენ ყველას ვეუბნებით, მათ შორის, კონკრეტულ უცხოურ სუბიექტებს - კი ბატონო, სცადეთ საქართველოში რევოლუციის მოწყობა, რა თქმა უნდა, ეს მცდელობები იქნება წარუმატებელი, მაგრამ კეთილი ინებეთ და თუ გინდათ საქართველოში სცადოთ რევოლუციის მოწყობა, ეს გააკეთეთ გამჭვირვალედ", - განაცხადა კობახიძემ.
ადრე პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიცია და მის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან, ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, რადგანაც საზოგადოებრივი აზრის კვლევების საფუძველზე იციან, რომ შედეგი მათთვის არახელსაყრელი იქნება.
კობახიძის თქმით, საარჩევნო კამპანიას მხოლოდ მმართველი პარტია „ ქართული ოცნება" აწარმოებს. ოპოზიცია არ დადის სოფლებსა და ქალაქებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი ყურადღების მთავარი საგანი არჩევნების მეორე დღეა.
ამასთან, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ მიაღწიოს თავის მიზნებს, რაც დადასტურდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გაზაფხულზე გამართულ საპროტესტო აქციებზე.
„სახელმწიფო ძლიერია, სამართალდამცავი სტრუქტურები ძლიერია და პარლამენტში, სხვა ინსტიტუციებში შეჭრის, რევოლუციის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას სახელმწიფოს სტაბილურობა დაუპირისპირდება“, - განაცხადა კობახიძემ „აჭარის ტელევიზიის" ეთერში.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
რევოლუციის მოწყობის მცდელობები
საქართველოს ხელისუფლების მტკიებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სამჯერ სცადეს - 2020, 2022 და 2024 წლებში.
რევოლუციის მოწყობის პირველი მცდელობა 2020 წელს განხორციელდა. საუბარია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებში დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ჩაატარა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააყალბა საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა, რითაც ისარგებლა „რადიკალურმა ოპოზიციამ“, გამოაცხადა რა ბოიკოტი და დაიწყო საპროტესტო აქციები.
საქართველოში რევოლუციის მეორე მცდელობა 2022 წლის ივნისში, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებდა და არ გაგზავნიდა ორგანიზებულად მოხალისეებს უკრაინაში, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა, აღასრულებდა საერთაშორისო სანქციებს.
2022 წლის ივნისში საქართველომ უარი მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და დაიწყო პროტესტის ტალღა. ანტისამთავრობო აქციაზე „შინ ევროპისკენ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოდიოდნენ.
რევოლუციის მესამე მცდელობა საქართველოში 2024 წელს განხორციელდა. 15 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირების შემდეგ, ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოვიდა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს არის სწორედ იმის მტკიცებულება, რომ ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები იჭრებიან პოლიტიკაში, შესაბამისად, კანონი მათი დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ აუცილებელია.