თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო-უკრაინის მატჩამდე ორი დღით ადრე ჯერ კიდევ უცნობია, გამოვა თუ არა მოედანზე საქართველოს ნაკრების ლიდერი, იტალიის „ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გამართავს. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება.
როგორც „პირველ არხს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, კვარაცხელია ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ანალოგიურ რეჟიმში ვარჯიშობს ნაკრების მცველი გიორგი გველესიანიც.
კვარაცხელიამ ტრავმა იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში მიიღო - „ნაპოლიმ" „კომო" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის შემდეგ სპორტულ გამოცემებში მაშინვე გავრცელდა ქართველი ლეგიონერის შეშუპებული ფეხის ფოტო.
თავად ფეხბურთელის თქმით, იგი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.
საქართველოს ნაკრები პოლონეთში 7 ოქტომბერს ჩავიდა. უკრაინის ნაკრების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები 14 ოქტომბერს ალბანეთს დაუპირისპირდებიან - გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.