თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი სამშვიდობო სამიტის ორგანიზება აქვს განზრახული და სურს, რომ ამჯერად მასში რუსეთმაც მიიღოს მონაწილეობა, განაცხადა თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა ანკარაში გამართულ ბრიფინგზე.
თუმცა უკრაინელმა დიპლომატმა ამ შეხვედრაზე მოსკოვთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების ჩატარება გამორიცხა.
„ამ სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ფორმატზე, რომელშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის პირისპირ სხედან და უკრაინა რუსეთის მოთხოვნებს უსმენს. ეს არ იქნება პირდაპირი ორმხრივი შეხვედრა. დიდი ალბათობით, ის ჩატარდება ისეთ ფორმატში, რომელშიც მესამე მხარეებიც მიიღებენ მონაწილეობას და მოლაპარაკებები სწორედ მესამე პირების გავლით იწარმოებს. იმედი გვაქვს, რომ სამიტს ამ წლის ბოლომდე ჩავატარებთ“, – განმარტა ელჩმა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინასთან ერთად შეიმუშავებს იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლებიც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევისთვის უნდა გადაიდგას, და „ისინი იმსჯელებენ, რა მოთხოვნები წაუყენონ რუსეთს ამ ჩამონათვალის საფუძველზე“.
ამასთან ბონდარმა დააკონკრეტა, რომ თურქეთი, რომელიც უკრაინასთანაც და რუსეთთანაც თბილი ურთიერთობების შენარჩუნებისკენ ისწრაფვის მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში, სამიტის მნიშვნელოვანი მონაწილე იქნება, ვინაიდან მას „სხვა კონფლიქტებში შუამავლობის გამოცდილება აქვს“.