უკრაინა-საქართველო: რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გამართავს
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო-უკრაინის მატჩთან დაკავშირებით ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილიდიდ დროით 22:45 საათზე დაიწყება.
„დაგეგმილი ღონისძიების გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 ოქტომბრის 15:00-იდან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები ფილარმონიის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსები: N301, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397, 12 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.