საქართველო სანქციების დაცვის სადარაჯოზე - ბოლო მონაცემები

უწყების ცნობით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიციირებას.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 1 იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის 347 შემთხვევა დააფიქსირა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
„საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე, დაფიქსირებულია საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურებზე უარის თქმის 2.088 შემთხვევა. 1-ელი იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 347 ფაქტი, ხოლო 2023 წელს - 852 შემთხვევა", - აღნიშნავს მედიაპლატფორმა შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით.
სააგენტო აღნიშნავს, საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა ამ მცდელობის შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარა უკან გაბრუნებას, გარდა იმ ფაქტებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეცა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილია ახალი ერთიანი რისკის პროფილები (ჯამში, 37 რისკის პროფილი), რომლის საფუძველზეც, ოპერატიულად იდენტიფიცირდება და მკაცრად კონტროლდება აშშ-ის, ევროკავშირის და სხვა სახელმწიფოების მიერ სანქცირებული საქონელი.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.