თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. იმპიჩმენტი აუცილებელია, ამას პრეზიდენტის ქმედებები განაპირობებს, განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს.
„ყველამ უნდა იცოდეს არა მარტო დღეს, მომავალშიც, რომ ქვეყნის კონსტიტუციის აბუჩად აგდება, ფეხქვეშ გაგდება და მრავალჯერადი დარღვევა უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საგანი, რადგან ქვეყანაში პირველია სწორედ კონსტიტუციური წესრიგი და შემდეგ არის ყველა სხვა პოლიტიკური მოტივაცია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის სექტემბერში შევიდა.
წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური100-ის ნაცვლად.
ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა, მათ შორის გასულ კვირას - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.