თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 38.509 კოლოფი სიგარეტი შეადგინა.
საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაგზავნილია განსჯად სასამართლოში.