წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა

ლევან დადიანის საფლავის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი - Spunik. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში ლევან II დადიანის აკლდამისა და ეკლესიის გუმბათის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით დასრულდა მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის განსასვენებელი აკლდამის ქვის რესტავრაცია.
სარესტავრაციო სამუშაოები 2 ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული ჩუქურთმით დამშვენებული მარმარილოს დამტვრეული ქვა. განხორციელდა აკლდამის 3D სკანირება, რის საფუძველზეც შედგა ზუსტი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები. აკლდამაში არსებული მიწისგან გამორჩეული ოსტეოლოგიური მასალა დასვენდა აკლდამაშივე. გაწმენდითი სამუშაოები სააგენტოს არქეოლოგებმა შეასრულეს.
მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობისას კი გაიწმინდა საფლავის ქვის დაზიანებული ნაწილები და მისი მთლიანობა აღდგა.
გარდა ამისა, სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა ფერისცვალების ტაძრის გუმბათზე მეხის დაცემის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო არაინვენტარული ხარაჩო ტაძრის ჩრდილოეთ ფასადსა და გუმბათის ყელზე, გუმბათის დაზიანებული მონაკვეთის ირგვლივ მოიხსნა მორყეული ქვები, ბზარები გასუფთავდა და შეივსო პოლიმერცემენტის ხსნარით, ადგილზე დაბრუნდა მოხსნილი ქვები, ხოლო დაზიანებული ნაწილი ახლით ჩანაცვლდა.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იგი მდებარეობს წალენჯიხის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე, მდინარე ჭანისწყლის მარცხენა მხარეს. ტაძარი იყო ოდიშის სამთავროს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, დადიანთა საძვალე, XVII საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ეპარქიის ცენტრს.
ლევან II დადიანის აკლდამის, საფლავის ქვის რესტავრაცია და ქვის წარწერის შენარჩუნება 2023 წლის დეკემბერში წალენჯიხაში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტისას ადგილობრივ სასულიერო პირებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა.
ლევან დადიანის საფლავის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა - სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „კირთხურომ” შეასრულა, რისთვისაც 8 ათას ლარამდე დაიხარჯა.