თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა დელეგაციამ გააპროტესტა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დღის წესრიგში აზერბაიჯანის დელეგაციის გარეშე აზერბაიჯანის შესახებ მიმდინარე დებატების შეტანა, განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ.
2024 წლის იანვრის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა უარი განაცხადეს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებაზე, რადგანაც ქვეყანამ ვერ შეასრულა ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პროცედურული წესების თანახმად, ბაქოს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება ასამბლეის მუშაობაში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, მომდევნო ზამთრის სესიამდე.
„აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ახლადარჩეულ პარლამენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. ამ პროცესში ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ როგორც შუამავალმა. ევროპის საბჭოს თითოეული წევრის დებატებში მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიქანაძემ.
საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე აზერბაიჯანული დელეგაციის დაბრუნების საკითხის აქტუალიზაციას მოახდენს. უახლოეს მომავალში აუცილებელია აზერბაიჯანის პარლამენტის ახლადარჩეულ წევრებთან მოლაპარაკებების დაწყება.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე საუბრისას, მიქანაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. მშვიდობის ატმოსფეროს ფორმირება და ხელშეკრულების სწრაფი ხელმოწერა შექმნის ეფექტურ გარანტიებს ყველა ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, საქართველო მზადაა გამოვიდეს როგორც შუამავალი ნებისმიერ პროცესში, რომელმაც შეიძლება მხარეები სამშვიდობო შეთანხმებამდე მიიყვანოს.
„ჩვენ მოუთმენლად ველით სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე ხელმოწერას. საქართველო ყოველთვის ემხრობა მიდგომას, რომელშიც მნიშვნელოვანია მშვიდობა და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს მის გაძლიერებაში", - აღნიშნა მიქანაძემ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებები არ აღდგება, ევროპის საბჭოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის მონაწილეობის საკითხი გადაიხედება.