თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინა რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში, განაცხადა რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა ბრიფინგზე.
„ამ დროისათვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინა ამზადებს პროვოკაციას იმ მიზნით, რომ რუსეთი მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებაში დაადანაშაულოს სამხედრო სპეცოპერაციის მიმდინარეობისას“, – აღნიშნა კირილოვმა.
მისი თქმით, კიევი აპირებს, რომ „ყალბი მტკიცებულებები“ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) აღმასრულებელ საბჭოს 107-ე სესიას წარუდგინოს, რომელიც 8 ოქტომბერს იწყება. ამის შემდეგ, კირილოვის ვარაუდით, თუ „პროვოკაცია წარმატებული იქნება“, OPCW-ის ტექსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლებს თანამდებობები ჩამოერთმევათ – როგორც ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დამრღვევი ქვეყნის წარმომადგენლებს.
ამასთან რუსი გენერალი ირწმუნება, რომ პროვოკაციაში მონაწილეობს აშშ-იც, რაზეც OPCW-ში შტატების წარმომადგენელ ნიკოლ შამპეინის განცხადებები მეტყველებს. კირილოვის განმარტებით, შამპეინმა ჯერ კიდევ ივლისში თქვა ღიად, რომ აშშ ნოემბრის კონფერენციაზე რუსეთის პასუხისგებაში მიცემის საკითხის წამოწევას გეგმავს.