„არაფერი გამოვა" - დეპუტატი პრეზიდენტის ოპოზიციასთან შეხვედრებზე

რაქვიაშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ აშკარად უფრო მნიშვნელოვანი თემები უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის ტექნიკური მთავრობის ფორმირების საკითხზე შეხვედრებს რაიმე შედეგი არ მოჰყვება, თუმცა, არჩევნების წინ სანახაობა გვექნება, განაცხადა პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ტექნიკური მთავრობის ფორმირების საკითხზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები ორბელიანების სასახლეში რამდენიმე დღეა იმართება. ზურაბიშვილის შეთავაზებაა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრიუსელთან მოლაპარაკებებში საქართველოს მხარდაჭერაზე. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მას უკვე ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
„პრეზიდენტმა გახარია და „ლელოც“ კი ვერ შეათანხმა (გაერთიანებაზე - რედ.), არა თუ გახარია, „ლელო“, „ნაცები“ და „ნეონაცები“. საბოლოო ჯამში, მგონია რომ ამისგან არაფერი გამოვა, მაგრამ სანახაობა გვექნება. სიამოვნებით დავაკვირდები", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა მომავალი არჩევნების კონტექსტში აღნიშნულ თემას არც ისე მნიშვნელოვანი უწოდა.
„წინასაარჩევნოდ აშკარად უფრო მნიშვნელოვანი თემები უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ზურაბიშვილის ინიციატივა იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პოზიტიური მესამე ცენტრის“ შექმნა, რომელსაც ასე ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი - ანუ ამომრჩევლები, რომლებიც არ არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები.
ამ მიზნით, ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა პარტია „ლელოს" მიერ შექმნილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ექს-პრემიერ გახარიას პარტია „საქართველოსთვის" ლიდერებთან. თუმცა, პოლიტიკოსებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.