პაპუაშვილი: აშშ-მ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გადაუხადოს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა

პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველო ავღანეთში კონტიგენტის რაოდენობით მეოთხე ქვეყანა იყო
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის გადასაწყვეტია, როგორ სურს მადლობა გადაუხადოს ქვეყანას, რომელიც მასთან ერთად მონაწილეობდა ავღანეთის ომში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობენ. 2015 წლიდან ის არასაომარ მისიად გამოცხადა და ეწოდა "მტკიცე მხარდაჭერა". 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, დაიღუპა 32 ჯარისკავი, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა.
„ჩვენ ვნახეთ სავიზო შეზღუდვები აშშ-სგან, ეს მათი ქვეყანაა, ვისაც უნდა, იმას შეუშვებენ, აქ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. საქართველოც არ უშვებს ხოლმე სხვა ქვეყნის ზოგიერთ მოქალაქეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებიც ყოფილან. მათი გადასაწყვეტია, როგორ უნდათ მადლობა გადაუხადონ ქვეყანას, რომელიც მათთან ერთად წავიდა ომში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველო ავღანეთში კონტიგენტის რაოდენობით მეოთხე ქვეყანა იყო და ეს იმ დროს, როცა ნატოს წევრი-ქვეყნები შტაბებში ისხდნენ ან საერთოდ არ ყოფილან ავღანეთში.
„ასეთი მადლობა თუ არის ქართველი ხალხის მიმართ, ეს მათი გადასაწყვეტია. პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია ვიზების გამო გაყიდის ქვეყანას, ოღონდ ამერიკაში ვიზა არ გააუქმონ და საკუთარ ქვეყანას გაყიდიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს -პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.