განათლების სამინისტრო ასაფეთქებელ მოწყობილობებზე: მოსწავლეებს საფრთხე არ ემუქრებათ

დღეს ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლების ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სკოლებმა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს.
„თბილისის მასშტაბით რამდენიმე სკოლაში შევიდა შეტყობინება. სკოლებმა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს. სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
კერძოდ, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 41-ე საჯარო სკოლაში - სკოლის დირექციამ სრული ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის სკოლაში კინოლოგები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და თავისუფალ სკოლაშიც.