საპატრიარქო: ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი დადებითი წინგადადგმული ნაბიჯია

საპატრიარქოს განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში ეს საკითხი მისთვის და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქტუალური იყო.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი წარმოადგენს დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საკანონმდებლო პაკეტს - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე 18 კანონში შესულ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ-პროპაგანდისს აკრძალვას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 3 ოქტომბერს მოაწერა ხელი.
„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, ეს კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში ეს საკითხი მისთვის და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქტუალური იყო.
„წლების განმავლობაში როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხს მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, თითოეული მათგანი ემსახურებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვას მზარდი გამოწვევების ფონზე. საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ჩვენს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქომ საზოგადოებას ლგბტ-პროპაგანდის შემცველი სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ვითარება შეახსენა.
„რამდენიმე წლის წინ სასკოლო საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოებმა საქართველოს საპატრიარქოს მწვავე და სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამ სახელმძღვანელოების ზოგიერთი თემა ღიად უსვამდა ხაზს ოჯახური ღირებულებების დაკნინებას. ხანგრძლივი და აქტიური ძალისხმევა დასჭირდა LGBTQI პროპაგანდის შემცველი პასაჟების სასწავლო რესურსიდან ამოღებას, რადგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნეს, ლგბტ-პროპაგანდის გავრცელება არაერთხელ გამხდარა საზოგადოებაში განხეთქილების მიზეზი.
„ამასთანავე, LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული", - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა.