თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრიულმა ლოჯისტიკურმა კომპანია Gebrüder Weiss-მა თბილისში ლოჯისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალი გახსნა, რომლის მშენებლობისთვის 12 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, რაც რეგიონალურ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების გზაზე საქართველოს წინსვლის საშუალებას მისცემს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ახალი ტერმინალი მოიცავს როგორც ლოჯისტიკურ, ისე სასაწყობო ზონებს და საკუთარ ავტოსადგომს. ეს გაფართოება არსებულ ფართობს 12.500 კვადრატულ მეტრს დაამატებს, რის შედეგადაც საერთო ფართობი 18.800 კვადრატულ მეტრს მიაღწევს. პროექტს საფუძველი 2023 წლის დეკემბერში ჩაეყარა და მისი განხორციელება 9 თვეში დასრულდა.
„ეს არის A კლასის, ძალიან მაღალი საერთაშორისო დონის ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მიწოდების ჯაჭვს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო ოპერაციებს. და ეს ინვესტიცია სრულადაა თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან, რომელიც ტრანსპორტს და ლოგისტიკას უკავშირდება - საქართველო ეტაპობრივად მართლაც ყალიბდება გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად", - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 10,5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4% -ით მეტია.
დავითაშვილის თქმით, მთავრობა ასევე ყოველწლიურად ასობით მილიონ ლარს ხარჯავს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დანახარჯია მშპ-სთან მიმართებაში საჯარო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების კუთხით.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ვოლფრამ ზენგერ ვაისის თქმით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დადებითია, ასევე აღსანიშნავია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რადგანაც ქართულ ბიზნესს აქვს წვდომა სხვადასხვა ბაზრებზე სამხრეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე.
„ჩვენ 25 მილიონი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ. თავიდან ადვილი არ იყო საქართველოში ბიზნესის წამოწყება, მაგრამ ვენდობოდით საქართველოს და მის მთავრობას და ამან შედეგი გამოიღო. ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება და ბიზნესგარემოც ძალიან კარგია. ამიტომაც მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილება შემდეგ ეტაპზე გაფართოების შესახებ. ბიზნეს-გარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ საქართველოში სხვადასხვა საწარმოების განვითარებისთვის“, - განაცხადა ვაისმა.
ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა 500 წელზე ხანგრძლივი ისტორიით. მისი ლოგისტიკური ტერმინალი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა.
კომპანიისთვის ეს თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებაა. კომპანიის ინფორმაციით, 2024 წელს ევროპული ინვესტიციების მოცულობამ 12 მილიონ ევრომდე შეადგინა, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 30 მილიონ ევროს გადააჭარბა.