თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. დეკლარაცია „არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები“, რომელსაც ხელს აწერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრი, ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულების დასტურია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოდან მოდის „საგანგაშო ცნობები", რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია „მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის". დოკუმენტში საუბარია ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების დაშინების ფართომასშტაბიან კამპანიაზე.
„ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში ჩათრეული ჰყავთ ზოგიერთი უცხოელი აქტორი... ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მოღალატეობრივი რესურსი არის ამოქმედებული და ცოცხლობს იმ კონკრეტულ ადამიანებში, ვინც ამის უკან დგას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, განცხადების ავტორი ესტონეთის პარლამენტის დეპუტატი, PACE-ს წევრი ერიკ-ნილს კროსია, რომელიც 2007-2008 წლებში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დეკლარაციაზე ხელი არ მოუწერია საპარლამენტო არჩევნებზე PACE-ს სადამკვირვებლო მისიის არც ერთ წარმომადგენელს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, საგანგაშო გზავნილები გულისხმობს დაშინების მასობრივ კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა უძრავი ქონება იძარცვება და რომელთა ოჯახებს ემუქრებიან.
დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში იყო ოპოზიციის აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმების ფაქტები. გარდა ამისა, ამომრჩევლებს აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს ხმის ანონიმურობას.
ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელს უშლიან თავიანთი სამუშაოს შესრულებაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით იქამდეც კი, ვიდრე ე.წ. „უცხოური აგენტების კანონი” შევა ძალაში, ნათქვამია განცხადებაში.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალოს კურსი.
არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების როლი, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად განსაზღვრის საშუალება მიეცეს”
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.