თბილისის აეროპორტში ახალი მაღალტექნოლოგიური თანამშრომელი იმუშავებს

რამდენიმე თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუერთდება იმ აეროპორტების რიგებს, სადაც უკვე „მუშაობენ“ რობოტები.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის აპრილიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რობოტი გამოჩნდება, განაცხადა კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
დღეისთვის თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრია.
„უკვე ერთი წელია სხვადასხვა გამოფენებს ვესწრებით, რათა ავარჩიოთ ისეთი რობოტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მოცულობის შესაბამისი იქნება. ვფიქრობ, რომ 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი", - განუცხადა ზაქარაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს.
მისი თქმით, მაღალტექნოლოგიური თანამშრომელი მგზავრების ინფორმირებაზე იქნება პასუხისმგებელი.
„გვინდა, რომ საინფორმაციო სამსახური ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, ეს რობოტი საინფორმაციო სამსახურს არ ჩაანაცვლებს, მაგრამ საკმაოდ კომფორტული იქნება. იმოძრავებს ტერმინალში და პასუხს გასცემს ყველა მგზავრს, ვისაც კითხვა მიმდინარე რეისებთან დაკავშირებით ექნება“, - განაცხადა ზაქარაძემ.
2023 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს (ზრდა 0,05%). იგი 3.694,052 მგზავრს მოემსახურა.
თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. იგი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიაა. TAV-Georgia-თან კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.