თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა დიტერ ლამერმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ნატალია ბოდროვამ დადებითად შეაფასეს თბილისში უდიდესი სპორტული ღონისძიების - ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები.
2023 წელს ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია FIE-ის კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. თბილისის სასარგებლოდ ხმა 134-დან 120-მა დელეგატმა მისცა.
„აქ ჩამოვედი მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, რომელიც თბილისში მომავალ წელს ჩატარდება. გუშინ პირველად დავათვალიერეთ ადგილი, სადაც ჩემპიონატი გაიმართება. ვფიქრობ, რომ იგი მშვენიერ მდგომარეობაშია, რომ მიიღოს მონაწილეები. ეს ძალზე დიდი და ლამაზი არენაა", - განაცხადა ლამერმა ჟურნალისტებთან.
ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, სადაც 2022 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის თამაშები გაიმართა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ მერაბ ბაზაძის განცხადებით, დელეგაცია კმაყოფილი დარჩა ქართული მხარის მიერ გაწეული მუშაობით.
„5 ათასამდე სტუმარს ველოდებით, დელეგაციამ ყველა ობიექტი დაათვალიერა. მომავალ წელს დიდი დღესასწაული გველოდება“, - განაცხადა ბაზაძემ.
2023 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდა. ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.