სარკაზმი ბრალდებების პასუხად: „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აშშ-ის საელჩოს მიმართა

აშშ-ის საელჩომ საქართველოს მთავრობას შეახსენა, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩომ უნდა დაიბრუნოს სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის მართვის ფუნქცია, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობის" ხელშია, დაწერა სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული ბანერები აშშ-ის საელჩოს გვერდზე 1 ოქტომბრიდან თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება. პარასკევს გამოქვეყნდა მორიგი ბანერი წარწერით: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".
„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“, - დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
20 აგვისტოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის (მინიმუმ 113 მანდატი 150-დან) მიღებისთანავე დაიწყებს სამართლებრივ პროცესს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.
როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს „როგორც პარტია, იდეოლოგია და რეჟიმი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული გადაწყვეტილებით შექმნა წამების სისტემა".
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.