რაზე ჩუმდებიან და რის გამო აკრიტიკებენ დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს?

დეპუტატის თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ხშირ შემთხვევაში არაფერს ამბობენ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებზე, თუმცა, არ ერიდებიან გააკრიტიკონ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გარკვეულ საკითხებზე.
Sputnik
თბილიი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დასავლელი პოლიტიკოსები თავს არიდებენ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის პოზიტიურ შეფასებას, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს და ამავდროულად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების პროქართული პოლიტიკა პრორუსულად წარმოაჩინონ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი პირდაპირ უწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს.
„ყოველთვის არის ერთი მთავარი ამოცანა – არაფერზე დადებითი შეფასება და არსებული რეალობის უარყოფა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კვლევები სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა დასავლეთის შეშფოთებაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
„პოლონეთის, კანადის, ლიეტუვის, იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის ლიდერები მოგზაურობენ და ურთიერთობენ ჩინეთთან, ამაზე ხმას არავინ იღებს... ლიეტუვა უფრო მეტად ვაჭრობს რუსეთთან , ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა ევროპის მიერ რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა.
„უშველებელი რესურსით მარაგდება რუსეთის ბიუჯეტი უკრაინის გავლით, როდესაც ენერგორესურსებს აწვდის ევროპას. ამაზე როდესაც არავინ ლაპარაკობს, ისმის კითხვა: მაშ, რა უნდა შარლ მიშელს ჩვენგან ან იმ გერმანელ დეპუტატს, როთს რა უნდა ჩვენგან?", - განაცხადა ვოლსკიმ.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" „ქართულ კოშმარს" უწოდებს და წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციას აქტიურად უჭერს მხარს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი, თავის მხრივ, შემოიფარგლება განცხადებებით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სამოქმედო გეგმაში.
სამშაბათს მიშელმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ევროპულ ტურნეში იმყოფება მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელთანაც ღია კონფლიქტშია.
შეხვედრის შემდეგ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრა შედგა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში და რომ რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ბირთვია. დასასრულს მიშელმა დასძინა, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სექტემბრის შუა რიცხვებში აშშ-iს ელჩ რობინ დანიგანთან განიხილა. კობახიძემ შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ამერიკული სანქციების დაწესების გამო და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში საქართველოს პოზიცია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიძლება არსებითად გადაიხედოს.
მოგვიანებით დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კობახიძის განცხადებები და საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებები ქვეყანას დასავლეთისგან, შეერთებული შტატებისა და ევროპისგან აშორებს და არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში.