თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე ხელის არმოწერით, რომელიც ქვეყანაში ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს, შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
საკანონმდებლო პაკეტის მიღებას მთელი პროდასავლური ოპოზიცია და დასავლეთი ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ 17 სექტემბერს მიღებული კანონპროექტების პაკეტს და იგი მოტივირებული შენიშვნების გარეშე პარლამენტს დაუბრუნა. შედეგად, 3 ოქტომბერს კანონპროექტების პაკეტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
„როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მთლიანად „ნაცმოძრაობას" დავალება ჰქონდა მიღებული მხარი არ დაეჭირად ამ კანონისთვის. მაგრამ, ასეა თუ ისე, ისინი ჯერ კიდევ საქართველოში არიან, რაღაც დონეზე გრძნობენ საზოგადოების პულსს, საზოგადოების მოთხოვნას და დაკვეთას და უბრალოდ ვერ გაბედეს თამამი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა კირცხალიამ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი ახლა „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
ეს არის პროპაგანდის აკრძალვის თემაზე მიღებული კანონი, რომელიც იცავს საქართველოს იდენტობას, იცავს მის თვითმყოფადობას, იცავს ახალგაზრდობას, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
„რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნისთვის ეს ცნებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იგივე პატრიოტიზმი, წარსულისადმი დამოკიდებულება. პროპაგანდა იმისა, რომ ვიღაცის უფლებები იზღუდება, სამწუხარო ფაქტია“, - თქვა ვოლსკიმ.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
კანონი „საკანონმდებლო ორგანოში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.