„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მოეხსნა

30 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად გააგრძელებს
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწოდება და გააუქმა გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების დაკისრების შესახებ.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
„ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ გამოვიყენო დისკრეცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მას შემდეგ რაც სასამართლომ უარი თქვა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შეჩერებაზე, 30 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად გააგრძელებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ცესკოში დღემდე დამკვირვებლის სტატუსით არის დარეგისტრირებული.
პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას.