რამდენი ადამიანი დგას საკონსული აღრიცხვაზე? ცესკოს განმარტება

წინასაარჩევნო პერიოდში საზღვარგარეთ ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში ყველაზე განხილვადი თემაა.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემებსა და ცესკოს მონაცემებს შორის შეუსაბამობა.
წინასაარჩევნო პერიოდში საზღვარგარეთ ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში ყველაზე განხილვადი თემაა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ვებგვერდზე geoconsul.gov.ge, სადაც საკონსულო აღრიცხვას გადიან მოქალაქეები, გამოჩნდა მონაცემები 128 ათასი ადამიანის შესახებ, მაშინ როცა ცესკომ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 65.508 ამომრჩეველს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვებგვერდის geoconsul.gov.ge სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე", - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

ასევე, ცესკოში აღნიშნავენ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში.
„შესაბამისად, ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან. ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებ-გვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შესაბამისად, ვებ-გვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 სექტემბერს გადასცა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 68.024 პირის შესახებ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სიაში მყოფ 2.516 პირს არ ჰქონდა ვალიდური დოკუმენტები და საარჩევნო უფლება, შედეგად საბოლოო ჯამში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 65.508 ამომრჩევლის მონაცემების საფუძველზე 42 ქვეყანაში შექმნა 60 საარჩევნო უბანი.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.