ქუთაისის აეროპორტმა მგზავრებისთვის eGate-სისტემა დანერგა

eGate საპასპორტო კონტროლის სისტემა 2013 წლიდან დღემდე 35 ქვეყნის აეროპორტებში არის დანერგილი.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლის გავლას ავტომატური ტურნიკეტის-eGate-ის გამოყენებით დამოუკიდებლად შეძლებენ, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
eGate არის სისტემა, რომლითაც შესაძლებელია მოქალაქემ საკუთარი პასპორტი/პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სპეციალურ წამკითხველს დაადოს, მისი სახის ავტორიზაციას ბიომეტრიული კამერა მოახდენს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მოქალაქეს ავტომატურად გააღებს.
eGate საპასპორტო კონტროლის სისტემა 2013 წლიდან დღემდე 35 ქვეყნის აეროპორტებში არის დანერგილი.
აეროპორტების გაერთიანება ამ პროექტზე 1,87 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რომლითაც 7 გამშვები აპარატის შეძენა და მათი IT-სისტემის ქართულ სასაზღვრო სისტემაში ინტეგრაცია უნდა მოხდეს.
ამასთან, ტენდერში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მინიმუმ ხუთ აეროპორტში საზღვრის კონტროლის ავტომატიზებული სისტემის დანერგვის გამოცდილება.
აეროპორტის წარმატებები
2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადის, ისე ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით.
გასულ წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით მეტია.
ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია ავიარეისების რაოდენობამაც - აეროპორტი 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატა.