პარტიების მიერ გაწეული წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები - ვინ ლიდერობს

კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ანტიკორუფციულ ბიუროში 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეკლარაციები წარადგინეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. თითოეული პარტია ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. ხარჯების შესახებ მონაცემები ბიუროს ვებგვერდზე ყოველ სამ კვირაში ქვეყნდება. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.
საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტის მიერ დაუშვებელია სხვა სახსრების გამოყენება, გარდა საარჩევნო კამპანიის ფონდის შესაბამისი სახსრებისა.
საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ქვეყნის მშპ-ის 0,04%-ს.
აღნიშნულ თანხაში შედის საარჩევნო სუბიექტისა და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებსაც ადგენს ანტიკორუფციული ბიურო და რის შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.
„Sputnik-საქართველომ" საქართველოში ყველაზე დიდი და ცნობილი პოლიტიკური ძალების ფინანსური ხარჯების შესახებ მონაცემები შეაგროვა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის ფონდი 14.039,073 ლარს შეადგენდა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ანგარიშზე შევიდა 3,090,795 ლარი, საიდანაც 2.592,450 ლარი შემოწირულობა, ხოლო 428.335 ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსებაა.
პირველ სამ კვირაში პარტიამ 6,895,070 ლარი დახარჯა, საიდანაც 4,650.066 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
ამასთან, პარტიის მიერ სატელევიზიო რეკლამაზე დაიხარჯა 273.690 ლარი, ხოლო გარე რეკლამაზე - 3.777,009 ლარი, 176.365 ლარი - ინტერნეტ-რეკლამას მოხმარდა. გარდა ამისა, პარტიამ დაუკვეთა 715 ბილბორდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე.
„ერთობა-ნაციონალური მოძრაობა"
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღისთვის უმსხვილები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ფონდი 4.443 ლარს შეადგენდა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ანგარიშზე შევიდა 233. 737,29 ლარი, საიდანაც 48.550 ლარი შემოწირულობა, ხოლო 183,301,01 ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსებაა.
პირველ სამ კვირაში პარტიამ 92,035 ლარი დახარჯა, საიდანაც 19,122 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
ამასთან, პარტიამ ინტერნეტ-რეკლამაზე დახარჯა 6.902 ლარი, საიმიჯო ვიდეორგოლებისა და ბუკლეტების შექმნაზე კი 12.220 ლარი.
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის"
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღისთვის პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საარჩევნო კამპანიის ფონდი 1.118 ლარს შეადგენდა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ანგარიშზე შევიდა 1.781,381 ლარი, საიდანაც 3 ათასი ლარი შემოწირულობაა.
პირველ სამ კვირაში პარტიამ 1.697,490 ლარი დახარჯა, საიდანაც 1.568,166 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
ამასთან, პარტიამ სატელევიზიო რეკლამაზე დახარჯა 769.800 ლარი, ბრენდულ აქსესუარებზე - 34.816 ლარი, გარე რეკლამაზე - 326,212, ინტერნეტ-რეკლამაზე კი 161.499 ლარი.
„ახალი ერთობა - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღეს პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდში, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე „ნაცმოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბაზაზე შექმნეს, 113.722 ლარს შეადგენდა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ანგარიშზე შევიდა 2.618.323 ლარი, საიდანაც 2.598,323 ლარი შემოწირულობა, ხოლო 20 ათასი ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსებაა.
პირველ სამ კვირაში პარტიამ 2.464,459 ლარი დახარჯა, საიდანაც 1.819,403 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
ამასთან, პარტიამ სატელევიზიო რეკლამაზე დახარჯვა 549,780 ლარი, გარე რეკლამაზე - 1.147,465 ლარი, ინტერნეტ-რეკლამაზე კი 42.159 ლარი.
პარტიამ დაუკვეთა 21 ბილბორდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე სარეკლამო ბუკლეტები და მაისურები.
„გახარია - საქართველოსთვის"
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღისთვის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული ოპოზიციური პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიის ფონდი 1.361 ლარს შეადგენდა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ანგარიშზე შემოწირულობის სახით შევიდა 911 ლარი, 83.195 ლარი კი არამატერიალური შემოწირულობის სახით.
პირველ სამ კვირაში პარტიამ 83.195 ლარი დახარჯა, საიდანაც 58.954 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
ამასთან, პარტიამ ბეჭდურ პროდუქციაზე დახარჯა 27,150 ლარი, 3,890 ლარი - გარე რეკლამაზე, კიდევ 18.757 ლარი ბრენდირებულ აქსესუარებზე. პარტიის რეკლამის ხარჯები, შემოწირულობის სახით, სხვა პირებმა გადაიხადეს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღისთვის ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანიის ფონდი 129 ლარს შეადგენდა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ანგარიშზე შევიდა 96.571 ლარი, საიდანაც 5.645 ლარი - შემოწირულობა, 86,926 ლარი კი ბიუჯეტიდან დაფინანსებაა.
პირველ სამ კვირაში პარტიამ 92.084 ლარი დახარჯა, საიდანაც 5.206 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
პარტიამ სატელევიზო რეკლამაზე დახარჯა 5 ათასი ლარი, 206 ლარი კი ბეჭდურ პროდუქციაზე.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი"
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღისთვის ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ საარჩევნო კამპანიის ფონდი 307.748 ლარს შეადგენდა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ანგარიშზე შევიდა 64.832 ლარი, რომელიც სრულად სახელმწიფო დაფინანსებაა.
პირველ სამ კვირაში პარტიამ 72.755 ლარი დახარჯა, საიდანაც 10.881 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
ამასთან, პარტიამ ინტერნეტ-რეკლამაზე დახარჯა 5.881 ლარი, კიდევ 5 ათასი ლარი ბეჭდურ პროდუქციაზე - ბრენდირებულ აქსესუარებზე.