ეს სკანდალია! პაპუაშვილი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისთვის პარტიების ფარულ ხარჯებზე

თითოეული პარტია ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ბაზაზე შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ სოციალურ ქსელში საარჩევნო კამპანიაზე დახარჯულ თანხებს მალავს და ეს სკანდალია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, „ლელო“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიტიკურ პოსტებს აქვეყნებს და შემდეგ ისე არეკლამებს, რომ ამ რეკლამაში გადახდილი თანხა კონფიდენციალური დარჩეს. პარტიის სარეკლამო ვიდეორგოლების ნაწილი სოციალურ ქსელში დაიბლოკა ავტორიზების გარეშე პოლიტიკური შინაარსის პოსტების დარეკლამების გამო.
„თუ ეს სიმართლეა, რა თქმა უნდა, სკანდალია იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ეს გულისხმობს, რომ ისინი საარჩევნო კამპანიის თანხებს მალავენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მეორე მხრივ, ეს სკანდალია, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიცაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), ამაზე თვალს ხუჭავენ, განაცხადა პოლიტიკოსმა. მათ მილიონობით დაფინანსება აქვთ, რომ სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო კამპანიას ყურადღება მიაქციონ, აღნიშნა მან.
„როგორც ჩანს, თვალს უხუჭავდნენ „ლელოს“ და ეს გასარკვევი იქნება, რა იყო ამის წინაპირობა და რატომ უხუჭავენ თვალს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად 27 აგვისტოს დაიწყო. თითოეული პარტია ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. ხარჯების შესახებ მონაცემები ბიუროს ვებგვერდზე ყოველ სამ კვირაში ქვეყნდება. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.
საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღისთვის პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საარჩევნო კამპანიის ფონდი 1.118 ლარს შეადგენდა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიის ანგარიშზე შევიდა 1.781,381 ლარი, საიდანაც 3 ათასი ლარი შემოწირულობაა.
პირველ სამ კვირაში პარტიამ 1.697,490 ლარი დახარჯა, საიდანაც 1.568,166 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
ამასთან, პარტიამ სატელევიზიო რეკლამაზე დახარჯა 769.800 ლარი, ბრენდულ აქსესუარებზე - 34.816 ლარი, გარე რეკლამაზე - 326,212, ინტერნეტ-რეკლამაზე კი 161.499 ლარი.