თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი ხელმძღვანელის ეკა გიგაურის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნდა.
დღეს, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწოდება და გააუქმა გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების დაკისრების შესახებ.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული მისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
მას შემდეგ რაც სასამართლომ უარი თქვა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შეჩერებაზე, 30 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად გააგრძელებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ცესკოში დღემდე დამკვირვებლის სტატუსით არის დარეგისტრირებული.
გუშინ, პრემიერმა კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას.