თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვამ 2023 წელს 254,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
კანონმდებლობის თანახმად, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებული ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.
არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.
„საქსტატის" ცნობით, 2023 წელს არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 2,4 მილიარდი ლარის პროდუქცია გამოუშვეს. პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილი მოდის ხელოვნების, გართობისა და დასვენების (18,3%), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (14,2%), განათლების (13,9%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (11,7%), ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის (5%) სექტორებზე. ბრუნვის დაახლოებით მესამედს იკავებს სხვადასხვა სერვისები, რომლებიც არ ექვემდებარება კვალიფიკაციას.
რაც შეეხება, ბრუნვის მოცულობას, ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (38,3%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (22,9%), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (16,2%), სხვა სახის მომსახურების (7,4%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (3,8%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3%), მშენებლობის (2,6%) სექტორის ორგანიზაციებზე და სხვადასხვა მომსახურებაზე, რომლებიც არ ექვემდებარება კვალიფიკაციას (7,4%).
ამასთან, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის (5,4-ჯერ), ადმინისტრაციული და დამხმარე სერვისების (43,6%-ით), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სფეროებში ( 42,1%-ით), სხვა სახის მომსახურების (27,2%-ით), საფინანსო და სადაზღვევო სექტორში (24,3%-ით), ინფორმაციისა და კომუნიკაციების (3,6%-ით), განათლების (2,3%-ით), ტრანსპორტისა და დასაწყობების (0,5%-ით) სექტორებში.
„საქსტატი" არ ასახელებს არაკომერციული ორგანიზაციების რაოდენობას, თუმცა მისი მონაცემებით, აღნიშნულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 60 ათასი ადამიანი შეადგინა, საიდანაც 52,9% ქალია, ხოლო 47,1% მამაკაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 8,8%-ით არის გაზრდილი.