თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კერძოდ, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის, 15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა.
„მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, პარალელურად, დაუყოვნებლივ დაიწყება სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - ნათქვამია ტყიბულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა.
სრულმასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოები მუნიციპალიტეტეში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ზარალის ოდენობა ნახევარმილიონ ლარზე მეტს აღწევს.