თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიულმა და სამეცნიერო-ტექნიკურმა, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, საფინანსო-სადაზღვევო, ვაჭრობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა საქმიანობამ.
კლების ტენდენცია ენერგეტიკის სფეროში შეინიშნებოდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
რა გაიზარდა და რამდენით
2024 წლის იანვარ-აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 2,5%-ით, იმპორტი კი გაიზარდა 3,3%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 5,7 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 6,7%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 14,2%-ით გაიზარდა და 14,5 მლრდ ლარს გაუტოლდა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა განპირობებულია კომპიუტერული დაპროგრამების კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მოცულობის გაფართოებით.
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობების, ასევე ბიზნესის და მართვის საკონსულტაციო საკითხების მოცულობის გაფართოებასთან.
თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მოცულობის, ასევე სამოქალაქო მშენებლობის მაჩვენებლის ზრდასთან, მათ შორის გზების, ხიდების და გვირაბების. 2024 წლის აგვისტოში 18%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი, მათ შორის 63%-ით გაიზარდა ცემენტის და კლინკერის იმპორტი.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდამ განაპირობა.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასთან და მათ მართვასთან.
ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო საწვავით, საკვები პროდუქტებით, ალკოჰოლური სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობასთან, ასევე სამშენებლო პროდუქციის საბითუმო ვაჭრობით. 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა თურქეთის მიმართულებით.