თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. ბერძნული ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ (Sky Express) ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 27 ოქტომბრიდან შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით - ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით ავიაკომპანიები Aegean Airlines-ი და Wizz Air-ი ასრულებენ.
Sky Express-ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.