კობახიძე: სჯობს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არ შევეხოთ, მისი რეპუტაცია ისეც შელახულია

ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მოუხსნას, რათა წინასაარჩევნო პერიოდში არავის მიეცეს მანიპულირების საფუძველი.
ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. არასამთავრობო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციას ართმევს 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსს, მის თანამშრომლები პროცესში ჩართვას სხვა ორგანიზაციების შემადგენლობაში შეძლებენ.
„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას", - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ისე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.
ამასთან, პრემიერის თქმით, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს სხვა მსგავს სუბიექტებზეც, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოუცხადა.
გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ასევე გამოცხადდნენ 2024 წლის ივლისში შექმნილი სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია.
წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული, აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერმა მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
რეპუტაცია თავის საქმეს გააკეთებს
კობახიძის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია.
„მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პრემიერმა შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2020 წელს უშუალოდ მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძის თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაცია მოაწერა ხელი ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8%-იანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიზანმიმართულად შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალურ ოპოზიციას, რათა დემოკრატიული არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა, აღნიშნა პრემიერმა.
„ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერმა ასევე დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მეორე მცდელობაში.
ამის მტკიცებულებად მან დაასახელა ის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი იყო იმ პირებიდან ერთ-ერთი, რომელიც 2022 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ პოლიტიკურ სცენაზე ავიდა და მთავრობის გადადგომა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა.
„დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნით, ღიად არის ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში და აგრესიულად ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს მიტაცებითა და ავტორიტარიზმის დამყარებით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით დაგვამახსოვრეს თავი", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.