ნადირობის სეზონი: 1 თვეში უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვეში უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნა და 2025 წლის 1-ელ მარტს დასრულდება.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 64 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 57 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 28 - შიდა ქართლში, 16 - გურიაში, 14 - მცხეთა-მთიანეთში, 12 - კახეთში, 10 - სამცხე-ჯავახეთში, 9 - ქვემო ქართლში, 2 - აჭარაში, 1 ფაქტი კი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში. უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთილია დედაქალაქშიც.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 200 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 15 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვეში ამოღებულია ფრინველის მოსაზიდი 198 ერთეული ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.
ამასთან, ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიანდაეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიანზონებში, ასევე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
ნადირობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა, დარღვევიდან გამომდინარე, 100 ლარიდან 2 ათას ლარამდე შეადგენს.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.