პუტინი: რუსეთი ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს

Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სიმართლე რუსეთის მხარესაა და ჩვენ ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვაში, რომელიც დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთთან მიერთების დღეს მიუძღვნა.
რუსეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა „ახალი რეგიონების“ მოსახლეობას „პატრიოტული განწყობისთვის“ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დასავლეთის როლს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
„ისინი გეგმაზომიერად თესდნენ სიძულვილსა და რადიკალურ ნაციონალიზმს, აღვივებდნენ მტრობას ყველაფერ რუსულის მიმართ, აწვდიდნენ იარაღს, აგზავნიდნენ დაქირავებულ მებრძოლებსა და მრჩევლებს. <...> მადლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს ერთიანობისა და პატრიოტული სულისკვეთებისთვის. სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება“, — აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 2022 წლის 30 სექტემბერს მოაწერა.
ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო, რომელშიც, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.