თანამედროვე სამყაროში სამართალი არ არსებობს - კალაძე დასავლეთის სანქციებზე

კალაძემ დაადასტურა, რომ ფულს უცხოურ ბანკებში აღარ ინახავს, რაც ამ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ უნდობლობით ახსნა
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თანამედროვე სამყაროში სამართალი არ არსებობს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კომენტარისას.
როგორც ტელეკომპანია „ფორმულა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, 60-ზე მეტ პირს შორის, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ის სანქციებია დაწესებული, არის „ქართული ოცნების“ ოთხი ლიდერი, მათ შორის კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, დეპუტატები ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი სამხარაძე.
„ჩემს ფინანსებზე ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, საფრთხე ემუქრება თუ არა მის ქონებას ევროპულ ბანკებში.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პირადად მისთვის არ უთქვამთ, რომ იგი სანქციების ქვეშ მოექცა.
„ვიღაცას დაასანქცირებენ-არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“,- აღნიშნა კალაძემ.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„რა ვიცი, ხომ გვითხრეს, 60 ადამიანი სანქცირებული ხართო. პირადად არ უთქვამთ. არ ვიცი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის“, - აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ დაადასტურა, რომ ფულს უცხოურ ბანკებში აღარ ინახავს, რაც ამ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ უნდობლობით ახსნა. მაგალითისთვის მან დაასახელა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საქმე შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ.
„რატომ უნდა შევინახო? ჯერ ნახეთ ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ, ადამიანი გაძარცვეს, რატომ უნდა ვენდო?! რა თქმა უნდა, არ ვენდობი“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ივანიშვილი დე-ფაქტო სანქციების ქვეშ უკვე იმყოფება.
„ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა - იგი დე-ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა კალაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ივანიშვილი შანტაჟის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ მან კატეგორიული უარი თქვა საქართველოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართვაზე.
სწორედ მაშინ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომელთანაც მრავალი წელია სასამართლო დავა მიმდინარეობს - ივანიშვილმა გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
2022 წლის მარტიდან ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
ვინ და რატომ დასანქცირდა
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, რომლებმაც „საქართველოში შეარყიეს ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება“. აშშ-მ ხარაზიშვილი და ლაგაზაური დაადანაშაულა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების სასტიკი დარბევის კურირებაში.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, რომლებიც 2021-2023 წლებში ეწინააღმდეგებოდნენ უმცირესობების აქციების ჩატარებას, მათ დაარწმუნეს ასობით მხარდამჭერი შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.
აშშ-ის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლს ქვეშაა, დაბლოკილია. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციას ან საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას.
გარდა ამისა, შსს დამატებით ზომებს იღებს საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღების თაობაზე. ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.