პოზიტიურია: კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებაზე

როგორც ლავროვმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „სამართლიანად აფასებს წარსულს"
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთის ფედერაციის მზადყოფნის შესახებ, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, პოზიტიურია, თუმცა, ამავე დროს კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „სამართლიანად აფასებს წარსულს" და შერიგების სურვილზე საუბრობს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, რუსეთი მზად არის დასახმარებლად.
„რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია", - განაცხადა კალაძემ.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ განცხადებასთან ერთად კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა მინიმუმ დაიწყოს სამოქმედო გეგმის შემუშავება რუსეთის ჯარების და ბაზების გაყვანის თაობაზე თუნდაც საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, შეცდომები უნდა გამოსწორდეს.
„ჩვენ, ყველამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, რა შეცდომები იქნა დაშვებული. ამის არ უნდა გვრცხვენოდეს“, - განაცხადა კალაძემ.
ოპოზიციამ ლავროვის განცხადება სხვაგვარად აღიქვა. დეპუტატ თეონა აქუბარდის თქმით, ეს არის „ქართული ოცნებისადმი“ მოწოდება, აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
სექტემბრის შუა რიცხვებში „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ქმედებების გამო საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ და ოსების წინაშე ბოდიში მოვიხადოთ.
დაკარგული ტერიტორიები
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.