დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი ყველა ვიზიტს იყენებს სამშობლოსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ზურაბიშვილს საგარეო ვიზიტები და ოფიციალური შეხვედრები მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ყველა პლატფორმას და ყოველ ვიზიტს იყენებს სამშობლოსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტით გაემგზავრა. როგორც ადრე საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, 30 სექტემბერს ბერლინში საქართველოს პრეზიდენტი თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
„სალომე ზურაბიშვილი, „კოლექტიური ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, მხარე და დესტრუქციულ ოპოზიციის ლიდერი სად ჩავა, მერამდენედ დაარღვევს კონსტიტუციას, ეს როგორ უნდა შევაფასოთ ან რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ?!", - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა „ფეხქვეშ გათელა პრეზიდენტის ინსტიტუტი".
„დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ტრიბუნას და ყველა ვიზიტს გამოიყენებს სამშობლოს და ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა დეპუტატმა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი ახლა „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.