თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა, იუწყება „პირველი არხი".
რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება.
„ვაქცინა ყოველწლიურად იცვლება, რადგან გრიპი ყოველ წელს ახალი ვარიანტებით ვრცელდება. შესაბამისად, ვაქცინა, რომელიც შევისყიდეთ, წლევანდელი ვირუსის შემადგენლობით არის განსაზღვრული. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის „ებოტის“ ოთხკომპონენტიანი ვაქცინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ. რისკ-ჯგუფში ძირითადად შედიან ორსული ქალები, 65 წელს ზემოთ მოქალაქეები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
„რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით, პირველ რიგში ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებული აქცენტით 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე. გრიპის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან. ამიტომ 6 თვიდან 5 წლამდე არის ასაკი, როდესაც ჩვენ მშობლებს ვურჩევთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ბავშვებში“, - აღნიშნა იმნაძემ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
საქართველოში გრიპთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა უფასო ვაქცინაციის ვადები. 2023 წელს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა Sanofi Pasteur-ის 200 ათასი დოზა. ეს ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული.