თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამნისტიის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს როგორც სასჯელის შემცირებას, ასევე პატიმართა ნაწილის სრულ გათავისუფლებას.
როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, საპარლამენტო არჩევნების წინ პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა და, ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.
„პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 ათასზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 ათასზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვებს, ხოლო 4 ათას პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება.
პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით 22 ათას პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 ათასი პრობაციის სისტემას დატოვებს.
საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.
ეს ამნისტია პირველი ნაბიჯია საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობის 1/3-ით შემცირებისკენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.
პატიმრების რაოდენობამ საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა - 1-ელი აგვისტოსთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.419 ადამიანი შეადგინა.
ვინ გათავისუფლდება?
გათავისუფლება პირობების გარეშე
ყოველგვარი პირობის გარეშე გათავისუფლდებიან 30 მუხლით მსჯავრდებულები და ბრალდებულები, რომელთა შორისაა ქურდობა ჩადენილი არადამამძიმებელ გარემოში, ფალსიფიკაცია, კანონსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან ამ ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენა.
ასევე უპირობო გათავისუფლება შეეხება ხულიგნობაში, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ან მათი ანალოგების უკანონო შეძენა-შენახვა-ტრანსპორტირების ან გადაგზავნისთვის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებზე; ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარეების უკანონო თესვა-მოყვანა-გაშენებისთვის ბრალდებულებზე, ასევე ბრალდებულებზე დეზერტირობაში, მგზავრების, ქვეითებისა ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად სერიოზული ან სერიოზული ზიანი.
გათავისუფლება შეთანხმებით
სისხლის სამართლის კოდექსის 21 მუხლით გასამართლებული პატიმრებისა და ბრალდებულების გასათავისუფლებლად საჭირო იქნება ყველა დაზარალებულის თანხმობა.
ამ კატეგორიაში მოხვდა მსჯავრდებულები და ბრალდებულები ცემისთვის, რომელიც არ ატარებს სისტემატურ ხასიათს; ოჯახის არაწევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ზიანის მიყენება; ქურდობა; ძარცვა, მათ შორის სახლში შეღწევა არადამამძიმებელ გარემოებაში; თაღლითობა, ასევე თანხების მითვისება არადამამძიმებელ გარემოებაში; ნივთის დაზიანება ან განადგურება.
გარდა ამისა, ამნისტია, დაზარალებულთა თანხმობით, გავრცელდება მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, სასაქონლო ნიშნის (მომსახურების ნიშნის) ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენებაში; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რაც იწვევს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად სერიოზული ან სერიოზული ზიანის მიყენებას; მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა ან ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია ამ სატრანსპორტო საშუალების მართვის პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად სერიოზული და სერიოზული ზიანი.
ამნისტიის სხვა სახეობა
გარდა გათავისუფლებისა, ამნისტია ასევე ითვალისწინებს სასჯელის 1/2, 1/4 და 1/6-ით შემცირებას, ასევე პირობითი სასჯელის შემცირებას ერთი წლით.
ინიციატორების თქმით, ვადის ერთი მეექვსით შემცირება სსკ-ის 225-ე მუხლით იგეგმება.
ვის არ შეეხება ამნისტია?
ამნისტიის შესახებ კანონი არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის კორუფციული და სამოხელეო დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს.
ამნისტია არ გავრცელდება მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, სხეულის მძიმე დაზიანების, თანხმობის გარეშე სტერილიზაციის, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისთვის ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე.
გარდა ამისა, ამნისტია არ გავრცელდება ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულით გათვალისწინებული მუხლებით, რომლების ასევე მოიცავს გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის სხვაგვარ ქმედებას , ასევე „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ“, თავის 11 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, რომელთა შორისაა წამება, მძევლებად ხელში ჩაგდება, ადამიანებით ვაჭრობა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა.
ამინისტია ასევე არ შეეხება მათ, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებული ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევასთან დაკავშირებული ოთხი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
არანაირი დათმობა არ იქნება მათ მიმართ, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებულია არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაში, ხმების არასწორად დათვლაში ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებაში, ასევე ყაჩაღობაში, გამოძალვაში, მითვისება ან გაფლანგვაში, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელი გარემოებებით, რიგ დანაშაულებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელთა შორისაა „ქურდულ სამყაროს" წევრობასთან დაკავშირებული კანონის დარღვევა.
სასჯელის ვადა არ შეუმცირდებათ არც ბანდიტიზმის, უკანონო ფორმირებების შექმნის, ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურად მონაწილეობის მუხლებით გასამართლებულ პირებს.
ამნისტია ასევე არ გავრცელდება პირებზე, რომლებსაც ბრალი ედებათ ან გასამართლებული არიან დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობასთან, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების და მარიხუანას რეალიზაციასთან, პროსტიტუციაში ჩაბმასთან, სექსუალური მიზნებით არასრულწლოვნისთვის შეხვედრის შეთავაზებასთან.
ვადის შემცირებას არც ისინი უნდა ელოდნენ, როლებიც არიან ბრალდებული და მსჯავრდებული ფრენების საერთაშორისო წესის დარღვევაში, ნებისმიერ სამსახურეობრივ დანაშაულში, დანაშაულში საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ, ტერორიზმსა და დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ და სამართალდარღვევებში, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის „ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის" თავი ითვალისწინებს.
ამნისტია ასევე არ შეეხებათ მათ, ვინც ბრალდებული ან ნასამართლევია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, მიგრანტების უკანონო შემოყვანასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლაში, ზემოქმედების განხორციელებაში გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე, პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციაში, ციხიდან გაქცევასა და საპატიმროში აკრძალული საგნების შენახვაში.