ბინა 1 ლარად - დედაქალაქში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა გრძელდება

მერიის ცნობით, 2017-2024 წლებში საკუთრება 3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ 89 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საცხოვრებელი ფართები სამგორის, ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 89 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.
თბილისის მერმა ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ვეტერანთა კულტურის და დასვენების ბაღში (ე.წ. კიკვიძის პარკი) გადასცა.
„არ იფიქროთ, რომ ამაზე ვჩერდებით. ყველას დავეხმარებით, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. ვინც საჭიროებს დაკანონებას, უნდა მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობებს, სადაც დაგეხმარებიან, გეტყვიან რა საბუთები დაგჭირდებათ. ათეულობით მილიონი ლარის ქონება არის გადაცემული ამ ოჯახებისთვის, რაც ძალიან მიხარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უწყების ცნობით, დედაქალაქის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო.