თეა წულუკიანი გადადგა

საქართველოს კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილე თანამდებობის პირებს თანამდებობის დატოვებას ავალდებულებს
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შეყვანის გამო გადადგა.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ წულუკიანი საარჩევნო სიაში მეექვსე ნომრად შეიყვანა. საარჩევნო სიის პირველი ოცეული, რომლის პირველი ნომერია პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 10 სექტემბერს გაასაჯაროვა.
„თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა">>
წულუკიანის თქმით, 26 სექტემბერი მისი ბოლო სამუშაო დღეა მინისტრის პოსტზე.
არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს თანამდებობის დატოვებას შემდეგი თანამდებობის პირებს: პრეზიდენტი, მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და საჯარო საუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, მერები, გუბერნატორები და ა.შ.
თეა წულუკიანი „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის არჩევნების წინ პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად შეუერთდა. იმავე წელს იგი პირველად შევიდა პარლამენტში, როგორც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
მალევე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად და თანამდებობაზე რვა წელი დარჩა. „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ წულუკიანი „ქართულ ოცნებაში“ დარჩა.
2021 წლის მარტში წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.