შესაძლებლობათა რეგიონი კონფლიქტის ზონის ნაცვლად - პრემიერი სამხრეთ კავკასიაზე

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს, აღნიშნა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად იქცეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომლის მთავარი თემა არის „ლიდერები მშვიდობისთვის: ერთიანობა გაეროს წესდების შესაბამისად, უსაფრთხო მომავლის ძიებაში".
„ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობისმეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს.
„მთელი გულით მივესალმებით და გვახარებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.
2021 წლის დეკემბერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
უკვე 2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირველად ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.