თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს არასდროს აურჩევია მარტივი გზა და ახლა ქვეყანა იბრუნებს ერის სიამაყეს და ღირსებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომლის მთავარი თემა არის „ლიდერები მშვიდობისთვის: ერთიანობა გაეროს წესდების შესაბამისად, უსაფრთხო მომავლის ძიებაში".
„მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს. ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა - ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს - სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3.000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფდა იმგვარად, რომ ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო.
„ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მმართველმა პარტიამ ადრე განაცხადა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის, როდესაც ქართველ ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება ქვეყნის სამხედრო პოლიგონად გადაქცევასა ან მის მშვიდობიან განვითარებასა და პროგრესს შორის.