გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა

მარგველაშვილის თქმით, ის "ძლიერ საქართველოსთან" ერთად ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ თავს კანონშემოქმედებითად არ მიიჩნევს
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ შეუერთდა.
ამის შესახებ გორში ოპოზიციური გაერთიანების წინასაარჩევნო შეხვედრაზე გახდა ცნობილი (ასე ეწოდა 2019 წელს დაარსებულ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ) .
„მე მინდა ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის. მე მინდა მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს", - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, მარგველაშვილი ის ადამიანია, რომელიც არის პატრიოტი, წესიერი ადამიანი, და, რაც ყველაზე მთავარი, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის.
„ჩემი ადგილი, როგორც ერთი ქართველის, რომელსაც უნდა, რომ სამშობლოს ემსახუროს, აქ არის, ამ გაერთიანებაში, „ძლიერ საქართველოში“. ბევრი მიზეზი მაქვს ამის სათქმელად. ერთი მიზეზი არის ის, რასაც დიდი ხანია, ელოდა ქართველი ამომრჩეველი, რომ შევქმნათ რეალობა, რომელიც ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ბოლომდე იბრძოლებს კოალიციასთან ერთად, მაგრამ თავს კანონშემოქმედებითად არ მიიჩნევს.
„მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და საქართველოს ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი... ვგრძნობ გამარჯვების ამ ემოციას. არა წარმატების, არამედ გამარჯვების, იმიტომ, რომ გამარჯვება არის ის, რითაც ჩვენ გადავტეხთ ამ მოღალატეობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ბოლო გამოკითხვებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს 2-5 პარტიას, ლიდერობას დიდი სხვაობით ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა.
„ლელო“
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.
2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ დანაშაულის ვადის ხანდაზმულობის გამო სასჯელი არ შეხებიათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.