გახარიას პარტიის რიგებს ახალი წევრები შეემატა - დეპუტატობის კანდიდატების სია და პროგრამა

პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკურ არენაზე ორპოლუსიანობის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამა და პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა სია წარადგინა, რომელთა შორის აღმოჩნდნენ პარტიისთვის ახალი სახეები - პარლამენტის ყოფილი დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
„ყველაზე დიდი მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეს არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ პარტიას - დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს ამ ორპოლუსიანობის დაძლევაში“, - განაცხადა გახარიამ ღონისძიებაზე.
მან ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა მისცენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქვეყნის განვითარებას, კეთილსინდისიერებას და ეროვნულ ხედვას.
ორპოლუსიანობის დაძლევაში გახარია გულისხმობს „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულებას და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების არდაშვებას.
ამასთან, „ქართული ოცნება“ გახარიას და მის პარტიას აკუთვნებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
პარტიული სია:
გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე;
ნათია მეზვრიშვილი, ყოფილი პროკურორი, შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი;
დიმიტრი ცქიტიშვილი, დიპლომატი, ყოფილი დეპუტატი;
კახაბერ ქემოკლიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი;
ზვიად ძიძიგური, 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი, ყოფილი დეპუტატი, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე;
ზაზა თავაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
ანა ბუჩუკური, პარლამენტის დეპუტატი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი;
ბერდია სიჭინავა, საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ადვოკატი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი;
როინ ქოჩორაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელე;
ბექა ლილუაშვილი, პარლამენტის წევრი, ეკონომისტი;
თეონა აქუბარდია, პარლამენტის წევრი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სპეციალისტი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
ლევან გოგიჩაიშვილი, ყოფილი დეპუტატი;
გიგა ფარულავა, საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი, ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე;
გელა აბულაძე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ეკონომისტი, წალენჯიხის რაიონის საკრებულოს დეპუტატი;
შალვა კერესელიძე - პარლამენტის წევრი;
თამარ ხვედელიანი - ექიმი, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრი;
ელგუჯა ხოკრიშვილი - ეკონომისტი, საჯარო პოლიტიკის ექსპერტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი;
ვიკა ფილფანი - იურისტი, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
კახა ნურალიძე - ექიმი, პროფესორი, რამდენიმე აკადემიის წევრი;
სოფო ხორგუანი - უფლებადამცველი, ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე;
ჯემალ ანანიძე - ფინანსისტი, ეკონომისტი, აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება, ბათუმის ყოფილი მერი;
რუსუდან თევზაძე - ექსპერტი განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი;
ქეთევან ბაკარაძე - ექიმი, აფხაზეთის დევნილი მთავრობის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
მალხაზ თორია - ადვოკატი, წლების განმავლობაში მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი;
ვატო ფაჩულია - სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი;
ერეკლე დუმბაძე - ადვოკატი;
სალომე კობალაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
გოჩა ტყეშელაშვილი - სატელევიზიო ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო გადაცემა „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი;
აკაკი გვიანიძე - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი.
პარტიის დაპირებები:
კანონით დადგინდება მინიმალური ხელფასი 950 ლარი თვეში;
დროებით უმუშევრად დარჩენილი პირი 6 თვის განმავლობაში ხელფასის 60%-ს მიიღებს;
სოციალურად დაუცველების, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერისთვის ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი დაიხარჯება;
სახელმწიფო დასაქმებულ ახალგაზრდებს დამატებით 950 ლარს გადაუხდის;
უფასო კვება საჯარო სკოლებში;
რეგიონებში პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
საერთო სტუდენტური საცხოვრებლების აშენება დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის;
პენსია პირველ წელს 200 ლარით გაიზრდება, ყოველ მომდევნო წელს 100 ლარით;
სოციალურად დაუცველი ოჯახის საარსებო შემწეობა პირველ წელს 200 ლარით, ყოველ მომდევნო წელს 100 ლარით გაიზრდება;
სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში ოჯახში მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვი სასკოლო ასაკამდე ყოველთვიურად მიიღებს 500 ლარს;
დევნილებისთვის სოციალურ გასაცემელი გაიზრდება 150 ლარამდე;
2028 წელს საქართველოს ყველა სოფელი უზრუნველყოფილი იქნება გაზით, სასმელი წყლითა და სწრაფი ინტერნეტით;
სამაშველო სისტემის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე პროფესიონალი კადრებით;
თბილისის მეტროს დაემატება 15 ახალი მეტროსადგური დიდი დიღმის, გლდანის, ლილოს დასახლებისა და საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით;
რუსთავი თბილისს დაუკავშირდება მიწისზედა მეტროს საშუალებით;
თბილისში მტკვრის სანაპიროზე აშენდება 4 ახალი ხიდი;
აშენდება ავტობანი ენგურამდე;
ინფლაცია გაკონტროლება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთებით, არამედ სხვა საშუალებებით, რაც შეამცირებს საბანკო სესხების პროცენტს. მონოპოლიებთან ბრძოლით შემცირდება ხელოვნურად გაბერილი ფასები მედიკამენტებზე, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე;
მეწარმეობის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი ფულით დაფინანსება;
პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა ევროკავშირის ბაზარზე;
სუბსიდირებული იმპორტისაგან სოფლის მეურნეობის დასაცავად საგადასახადო და სხვა სატარიფო მექანიზმების გამოყენება;
სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებში განხორციელებულ ინვესტიციაზე მწარმოებელი სახელმწიფოსგან მიიღებს გრანტს ინვესტიციის 100%-ის ოდენობით;
ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულისა და რუსთავის საწარმოების დროებითი რენაციონალიზაცია;
გამკაცრდება კანონი პოლიტიკურ ელიტურ კორუფციაზე და მოპარული ფული დაუბრუნდება ხალხს;
გენერალურ პროკურორი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა;
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საპროკურორო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არჩევა;
სამართლიანი ამნისტია;
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება;
ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეთადონის პროგრამის ადმინისტრირების ეფექტიანობის სისტემური გადახედვა;
ადმინისტრირების პროცესში კორუფციის აღმოფხვრა;
ევროკავშირის დათქმების შესრულებით და საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციით საქართველოს ევროკავშირში სწრაფად შეყვანა;
თავდაცვის საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი განისაზღვრება მინიმუმ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ოდენობით.