ზურაბ ადეიშვილი უკრაინის სახელით გაეროში მიმდინარე შეხვედრებში მონაწილეობს

ადეიშვილს საქართველოში დაუსწრებლად ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ძებნაში მყოფი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ახლა კი უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში დემარში და ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის შეურაცხყოფაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადეიშვილი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო, სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„ერთი პერიოდი (ადეიშვილი - რედ.) იყო ფორმატებში წარმოდგენილი გარკვეულ დონეზე, მაგრამ შემდეგ გაიყვანეს ამ საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატიდან და ახლა უკან დააბრუნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის დემარში“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ გაეროში მიმდინარე შეხვედრებში ადეიშვილის მონაწილეობის ამოცა და მიზანი არის საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შეურაცხყოფა.
მან აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო საქართველოს პროკურატურა, რომელსაც სწორედ ადეიშვილი უძღვებოდა. პროკურატურამ ზუსტად იცოდა, ვინ უნდა ეწამებინა, ვისთვის რა უნდა წაერთვა, ვინ ციხეში ჩაესვა, ვინ დაემცირებინა და ღირსება აეყარა.
ვინ არის ადეიშვილი
ადეიშვილმა, რომელიც იმ პოლიტიკოსთა წრის ნაწილი იყო, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, საქართველო 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, შემდეგ კი მოქალაქეობა. 2020 წლიდან ცნობილია, რომ ის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მუშაობს.
საქართველოში ადეიშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე: 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვა, 2004 წელს „აკურას“ ქარხნის მითვისება, 2007 წელს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის კობა დავითაშვილის გატაცება და ცემა, 2012 წელს „ქართუ ბანკის“ გაკოტრება და პატიმართა წამების საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება 2012 წელს.
ბრალი აქვს წარდგენილი პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ორგანიზებაში, მტკიცებულებების გაყალბებაში, მოწმეზე ზემოქმედებაში, პირის თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში. ადეიშვილმა დეპუტატის გატაცების ორგანიზებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი მიიღო - ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ამისა, ადეიშვილს ბრალი წაუყენეს 2007 წელს თბილისში აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ მითვისების, ასევე ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმეზე.
უფრო მეტიც, 2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ადეიშვილი ჩართული იყო საქართველოში გადატრიალების მომზადებისა და ტერაქტის მომზადების საქმეში, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამის შესახებ ფოთის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა რუხაიამ საქმეზე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.