ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვა გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის გამო გახდა აუცილებელი.
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება.
„აღნიშნული სამუშაოების გამო 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მოსახლეობას.