თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ტურიზმი აერთიანებს ადამიანებს, განაპირობებს აყვავებას და კონფლიქტებისგან იცავს, განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
წელს ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day), რომელიც 27 სექტემბერს აღინიშნება, საქართველოში გაიმართება. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“.
„გლობალური ტურიზმის ოჯახი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ რაც ყველას გვაერთიანებს ჩვენი ჰუმანურობაა. ჩვენი სექტორი ყველაზე ჰუმანურია“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, თითოეული მოგზაურობა დაკავშირებულია ტურიზმთან, რომელიც აერთიანებს მსოფლიოსა და აახლოებს ტურიზმს.
„ტურიზმი ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ტურიზმი განაპირობებს ინკლუზიურ ზრდას და კეთილდღეობას, გვიცავს კონფლიქტებისგან. ტურიზმის ღირებულებები ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს ჩვენი პლანეტა ომებსა და საფრთხეებშია გახვეული, ხოლო მსოფლიო მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე კონფლიქტურ ზონებში ცხოვრობს.
„უამრავმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოცადა ომი, მისი გავლენა შორს გაცდა კონფლიქტურ ზონებს. ჩვენ დაუყოვნებლივ ერთად უნდა დავდგეთ მშვიდობისთვის“, - აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
მან ყველას მოუწოდა, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალსა და გაერთიანებული ერების ღირებულებებს.
„უპირველეს ყოვლისა, ერთად ვიმუშაოთ გაერთიანებულმა სექტორმა, რომ ტურიზმი იმედის ჩირაღდნად ვაქციოთ, როდესაც კონფლიქტის ზონებში მშვიდობა დაისადგურებს ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ ადამიანებს აღმშენებლობასა და კავშირების აღდგენაში“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მსოფლიო ტურიზმის დღის 2024 წელს საქართველოში ჩატარებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ 2023 წლის გაზაფხულზე ერთხმად დაუჭირა მხარი. მსოფლიო ტურიზმის დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.
დღესასწაულის მიზანია ტურიზმის პოპულარიზაცია, მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკაში მისი წვლილის ხაზგასმა და სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის კავშირების განვითარება. მისი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ტურიზმის მნიშვნელობას და მის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.