თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. კომპანია Yandex-ის ქართული ოპერატორი Ridetech Georgia აპირებს გაასაჩივროს ჯარიმა, რომელიც მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რუსეთში მონაცემთა გადაცემისთვის დააკისრა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ინსპექტირებისას დაადგინა, რომ ინტერნეტ-კავშირის მონიტორინგის პროცესში კომპანია Ridetech Georgia-ს აპლიკაცია რუსეთში მდებარე სერვერებს უკავშირდებოდა, კანონის დარღვევისთვის კომპანია 4000 ლარით დაჯარიმდა.
„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ“, - მოჰყავს მედიაპლატფორმა BMG-ს Ridetech Georgia-ს განცხადება.
იქვე აღნიშნულია, რომ კომპანია მონაცემების შესანახად იყენებს სანდო სერვერებს.
„მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს - იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Ridetech Georgia-მ აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა.
„ჩვენ მას არ ვეთანხმებით და უახლოეს დროში გავასაჩივრებთ. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, - განაცხადეს Ridetech Georgia-ში.
კომპანია Ridetech Georgia-ს აქვს ტაქსის სერვისის ორი აპლიკაცია - მომხმარებლებისთვის Yandex GO და მძღოლებისთვის - Yandex Pro.
„იანდექს ტაქსი“ საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანია Ridetech Georgia საქართველოში 2022 წლის 24 მაისს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე კირილ სვინცოვია. Ridetech Georgia-ს მფლობელია კომპანია Y.E. HOLDING LIMITED, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია რეგისტრირებული.
რა პრეტენზიებს უყენებენ „იანდექს ტაქსის“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, „შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/„IP Address“-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/„IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, „რაიდტექ ჯორჯიამ“ მათ მომხმარებელთა პირადი მონაცემების რუსეთში დამუშავების ნებართვის მიღებისთვის მიმართა. სამსახურმა მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. შესაბამისად, Ridetech Georgia-მ უარი მიიღო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოში Yandex Taxi-ის წარმომადგენელ კომპანიას „რაიდტექ ჯორჯიას" მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის კანონდარღვევით გადაცემის ფაქტზე 4.000 ლარის ჯარიმა დააკისრა.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა კომპანიას დაავალა, შეწყვიტოს მომხმარებელთა და ტაქსისტების პერსონალურ მონაცემთა (IP-მისამართების) რუსეთში გადაცემა.