იმერეთში წითელი ნუსხით დაცული წაბლის მოჭრის ფაქტი გამოვლინდა

უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი ხონის საქმიან ეზოშია გადატანილი.
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონში, სოფელ გორდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევი სახელწმიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული 7 კუბური მეტრი წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანს მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ახორციელებდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.
„მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, - აღნიშნავენ უწყებაში.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.